ერიხ მარია რემარკი
ცხოვრებაში ალბათ ყველას ჰქონია განცდა, როდესაც გეშინია სიყვარულის და არ გჯერა საკუთარი თავის. ფაქტების წინააღმდეგ მიდიხარ და კომპლექსებით შეპყრობილი ფირქობ, რომ ეს მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია აღწერილი ყველაფერი უტრირებულად. კითხულობ და ხვდები, რომ ეს ილუზიაა, ეს რეალურად არ მოხდება. ნატრობ იგივე ამბებზე იგივე ისტორიებზე, მაგრამ გულის სიღრმეში იცი, რომ ეს ფანტაზიის ნაყოფია.
იგივე დამოკიდებულებით დავიწყე სამი მეგობრის კითხვა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ერიხ მარია რემარკის უძლიერესი წერის მანერა და ენა, გაჩვენებს რომ ეს ყველაფერი შენს გვერდით ხდება, ოტო, გოტფრიდი და რობი შენი ძმაკაცები ხდებიან, მოლოდინი გაქვს, რომ ქუჩაში რომელიმე გადაგეყრება და აუცილებლად რომზე დასხდებით ბარში. დროს ზუსტად ისე გაატარებთ, როგორც ეს სამი მეგობარი ატარებს. რაც არ უნდა არ გიყვარდეს მანქანა და სიჩქარე, სურვილი გიჩნდება გააქროლო კარლი და მთელი ქალაქი მოიარო. ძალიან ბევრი რამის სურვილი გიჩნდება ისეთი ახლობელი და შენიანი ხდება ეს წიგნი რამოდენიმე გვერდის წაკითხვის შემდგომ.
პატი - ეს მოვლენაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრება, გოგო, რომელიც გიყვარდება. გიყვარდება მთელი არსებით და როდესაც ხედავ მის ბედნიერებას რობისთან, შენც ბედნიერი ხარ. ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და მზად ხარ მის გამო იყო მკითხველი და არა პერსონაჟი. პატი ყველაზე არასტანდარტული და ყველაზე სტანდარტული გოგოა, ყველაზე მორცხვი და ყველაზე თამამი, ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი, ყველაზე სუსტი და ყველაზე ძლიერი. მისი ეს თვისებები გადამდებია მკითხველზე და გსურს, რომ რობერტი იყო, ან ოტო ან გოტფრიდი, ან ვინმე ვისაც უნახავს პატი, შეხვედრია... პატი არის ამომავალი წერტილი სამივე მეგობრისთვის, საოცარი დეტალებია, სადაც ჩანს თუ როგორ შეუძლიათ მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, მხარში დგომა. თითქოს ყველაფერზეა აქცენტი გაკეთებული, რაც დღეს გვაკლია ადამიანებს.
და ბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც დაიკავებს ძალიან დიდი ადგილს თქვენს გულში, გულში და არა ტვინში. მუდამ გემახსოვრება ულამაზესი პატი, ყურებამდე შეყვარებული რობი, უერთგულესი გოტფრიდი, თავგანწირული ოტო და მრავალი პერსონაჟი, რომლებიც საოცარი ემოციების რუკას ქმნიან და გაჩვენებენ იმას, რაზეც აქამდე არ გიფიქრია.
No comments:
Post a Comment